საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანს მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ექსკურსია/ლაშქრობების ორგანიზება წარმოადგენდა.
პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და ჩართულ პირებს საშუალებას მისცემს შემეცნებითი ინფორმაცია მიიღონ ეკოლოგიის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. ექსკურსია/ლაშქრობები ასევე დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი აქტივობებით.
პროექტის პირველ ეტაპზე, საინფორმაციო შეხვედრები იმართება მასწავლებლებთან და მშობლებთან. მეორე ეტაპზე მათი ჩართულობით მოეწყობა ექსკურსია/ლაშქრობა. ხოლო მესამე ეტაპზე, მაისის თვეში, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.