ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. აჭარის მთავრობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტირდა და აღიჭურვა უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი.
750 000 ლარი გაიხარჯა სტამბის რეაბილიტაციაზე, რომელიც აღიჭურვა ოფსეტური და ციფრული ბეჭდვის, თერმოსაწები, ქაღალდის საჭრელი დანადგარებით. სტამბა ნებისმიერ მსურველს უმაღლესი ხარისხის სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას გაუწევს; მოეწყო ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია; საგამოცდო ცენტრი; უახლესი სპეციალური სამონტაჟო და გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი ლაბორატორია პროფესიული სწავლებისთვის; სრულად რეაბილიტირდა და აღიჭურვა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები. აგრარული და მემბრანული მიმართულების კვლევებისა და სწავლებისთვის უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე ლაბორატორია 1 მლნ. 100 ათას ლარად შეიძინა
განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად გაეცნო. ამავე დღეს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან.