ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კორპუს ვახტანგ მეექვსეში, ლიტერატორის და პედაგოგის, ვატო როდონაიას ოთახი გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბატონი ვატო და მისი ჯგუფი პირველი იყო, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში ლიტერატურის სწავლების პრობლემატიკა გადაიაზრა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა სკოლის საბჭოური მემკვიდრეობისგან გასათავისუფლებლად, ახალი, შემოქმედებითი მიდგომებისა და ამ მიდგომებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების დასამკვიდრებლად. უდავოა, რომ ვატო როდონაიას სახელსა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სივრცე მალე იქცევა მიმზიდველ და საყვარელ ადგილად ადამიანებისათვის, ვისთვისაც ფასეულია ლიტერატურა და ხელოვნება, სწრაფვა ახლებური აზროვნებისაკენ.
განსხვავებულ სივრცეებში მოთავსებული ორიგინალური სამკითხველოები შესაძლებლობას ქმნის მოეწყოს თემატური შეხვედრები, დისკუსიები, კონკურსები, ასევე შესაძლებელია პერიოდულად, გაიმართოს თემატური შეხვედრები სასკოლო სახელმძღვანელობის მეთოდიკის და პედაგოგიკის მიმართულებით.