ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, თანამშრომლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონატი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში სამინისტროს დეპარტამენტებიდან წარმოდგენილი გუნდები ჩაერთვნენ, რომელთა შემადგენლობაც 2-2 ადამიანით (1 ქალი, 1 მამაკაცი) განისაზღვრა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და გუნდურ ფინალში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
საფინალო ეტაპზე გასული მონაწილეები თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა საპატიო სიგელებით. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება იქნება გამოწვევა ყველა საჯარო უწყებისთვის, რათა ცხოვრების ჯანსაღი წესი პრაქტიკულადაც დამკვიდრდეს საჯარო სივრცეში, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის სამაგალითო იქნება.