„მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“, 2018 წელს სმენის საერთაშორისო დღის სლოგანით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
კონფერენციის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი და ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს სმენის არმქონე და სმენადაქვეითების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის და სკოლამდელი და სკოლის ასაკის განათლების ადრეული ჩარევის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) ჩამოსაყალიბებლად.
კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
„სმენის არმქონე ან სმენადაქვეითებულ მოზარდთა შემთხვევაში, ხშირად პრობლემების უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ არ ხდება ადრეული ასაკში ჩარევა და სრული რეაბილიტაცია. ეს გარემოება, სამწუხაროდ, სწავლის პროცესზე და მათ აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად აისახება. ამდენად, ადრეული ჩარევა აუცილებელია ამ მოზარდთა არა მხოლოდ ჯამრთელობის, არამედ საგანამანათლებლო და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად.
სწორედ ამიტომ, ჩვენი სამინისტრო განსაუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალისხმევას პრობლემის გადასაჭრელად, მათ შორის, თანამშრომლობითვის მზაობას, რისი დასტურიცაა დღევანდელი კონფერენცია. დარწმუნებული ვართ, ჯანდაცვისა და განათლების სფეროთა კოორდინირებული თანამშრომლობა, უდავოდ დადებით შედეგს გამოიღებს“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კონფერენციაში, რომლის მთავარი ორაგნიზატორიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ იყო, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი ექიმები, სმენის პრობლემების მქონე მოზარდების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები, ექსპერტები.