საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია სკოლამდელი განათლებიდან და სოციალური სერვისებიდან სკოლაში უმტკივნეულო გადასვლის (ტრანზიციის) პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა. დოკუმენტის შემუშავების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტმა, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯულიეტ ჰენკოკმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოცდილება გააცნო. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ესწრებოდა, რომელმაც სისტემისთვის ტრანზიციის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროგრამის მიზანია, უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გზით, შემუშავდეს სოციალური სერვისებიდან, სკოლამდელი და სასკოლო მზაობის კლასებიდან ბავშვების ზოგადი განათლების საფეხურზე ტრანზიციის პროცესის პოლიტიკის დოკუმენტი და პროგრამა.
საქართველოში დღეს ბავშვებისთვის არსებობს ბაღის, ადრეული ჩარევის, სასკოლო მზაობის და ოჯახებში მიღებული განათლების გამოცდილება რაც განსხვავებულად აისახება მათ სოციალურ და აკადემიურ უნარებზე. პროექტი ემსახურება იმას, რომ დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის სისტემიდან და საფეხურიდან გადასვლის პროცესი.