საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის, ქართული ენის დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოები გამოსცა.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ კონკრეტული პროფესიული მიმართულების ლექსიკას. ამასთან, ხელს შეუწყობს მათი პიროვნულ-მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და დაეხმარებათ, სრულფასოვნად ინტეგრირდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში.
ახალი სახელმძღვანელოები სკოლის ვებგვერდზე www.zspa.ge განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან, კონკრეტული დარგის ფარგლებში ცოდნა გაიღრმავოს.
ჟვანიას სკოლა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროგრამას, ენის ფლობის 3 დონის ფარგლებში ახორციელებს: A1 (ენის გასაღები), A2 (ენის საფუძველი) და B1( ზღვრული). 2017 - 2018 წლებში სკოლამ B1+ დონის დარგობრივი მიმართულების შემდეგი პროგრამები მოამზადა: სამართალმცოდნეობა, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, ფინანსები და შესყიდვები, სამოქალაქო განათლება და A2+ დონის - დამხმარე კურსი პედაგოგთათვის.
პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სახელმძღვანელოებზე მომუშავე მეთოდისტები, ექსპერტები და ჟვანიას სკოლის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.