ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურ დირექტორს, კრისტიან დანიელსონს, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორს, კრისტინა რუსოს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორს, ლორენს მერედიტსა, და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს, შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც სკოლამდელი განათლების, ასევე, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა განათლების ყველა საფეხურზე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე სიახლეებზე. მათ შორის, პროფესიული კოლეჯების უმაღლესი განათლების ბაზაზე დაფუძნების საკითხზე, პროფესიული განათლების სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აგრარული კოლეჯის განვითარების საკითხზე და ახალ კანონპროექტზე, რომელიც პროფესიულ განათლებაში არსებულ ბარიერებს დაარეგულირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ევროკომისიის რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში ევროპული სკოლის გახსნის პროექტი. აღნიშნულ სკოლაში ქართველ მოზარდებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებიც შეძლებენ სწავლას. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და სკოლა ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკომისიისთვის განათლების სფერო პრიორიტეტულია. შესაბამისად, მათი თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.