ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიხეილ ჩხენკელის, შეხვედრების პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარდგა.
ქეთევან ნატრიაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდული საკითხები საქართველოს ევროპული გზის მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, ისაუბრა სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე და ხაზი გაუსვა საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ წელს მეთხუთმეტედ ტარდება და მასში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.