საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება და ზოგადი განათლების სასწავლო პროგრამაში ისეთი საკითხების ინტეგრირება, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მნიშვნელოვანი წარმატებაა ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის რეალური განხორციელებისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), განმახორციელებელი პარტნიორის, ასოციაციის „თანადგომა“ ჩართულობით, დაგეგმა და განახორციელა მოდელირებული გაკვეთილები VII-IX კლასის ბიოლოგიის ახალ სტანდარტზე დაფუძნებით.
აღნიშნული პროექტი სამ საჯარო სკოლაში განხორციელდა (ქ. თბილისის №54 საჯარო სკოლა, ქ. თბილისის №150 საჯარო სკოლა, ქ. საგარეჯოს №1 საჯარო სკოლა). პროექტის მონაწილე ბიოლოგიის პედაგოგებმა 12 გაკვეთილი ჩაატარეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ასოციაცია „თანადგომის“ წარმომადგენლები აღნიშნულ პროცესში, მონიტორინგს ახორციელებდნენ.
მოდელირებული გაკვეთილების პროექტის მიზანი იყო ბიოლოგიაში (VII-IX კლასი), ახალი სტანდარტით განსაზღვრული, ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული საკითხების წარმატებული დანერგვის ხელშეწყობა, სათანადოდ წარმოჩენა, სწავლების პროცესზე დაკვირვება, ეფექტური სწავლების შესაძლებლობის უკეთ განსაზღვრა.
შემაჯამებელ შეხვედრაზე, პროექტში ჩართულმა მხარეებმა წარმოადგინეს განხორციელებული აქტივობები, შეჯამდა მიღწეული შედეგები და ხაზი გაესვა ასეთი ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ეფექტურობას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებით დანერგვის პროცესში.