საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, UNICEF-ის და ესტონეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, აქამდე განხორციელებული სამუშაოების შედეგების გაცნობა, შეფასება, მოსაზრებების გაზიარება და მომავალი სამოქმედო გეგმის განხილვა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საგანმანათლებლო რეფორმის განხორციელებისას, მნიშვნელოვანია ისეთი წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და დახმარება, როგორიც ესტონეთია.
2017 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, UNICEF-მა და ესტონეთის მთავრობამ, ერთობლივი სამწლიანი პროგრამა დაიწყეს, რომლის მიზანია საქართველოს თხუთმეტ სამოდელო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომავალი მასწავლებლების მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო კურსების შექმნა. პროგრამის ფარგლებში, ქართველ სპეციალისტებს ტექნიკურ დახმარებას ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ (INNOVE) ექსპერტები უწევენ.
თანამშრომლობის შედეგად: განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა და 2018 წლის 3 იანვარს დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებლები; შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, პროგრამული აკრედიტაციის მისაღებად, განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამები წარადგინეს; დაწყებითი (1-6 კლასები) და საბაზო საფეხურებისთვის (7-9 კლასები), მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე, საქართველოში ესტონეთის საელჩოს, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები და თბილისის პარტნიორი სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.