საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრის (CERN) დირექტორს ფაბიოლა ჯიანოტის შეხვდნენ.
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის დირექტორთან შეხვედრაზე მხარეებმა CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში ქართველი მეცნიერების მონაწილეობაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა ხელი შეუწყოს „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტებში ქართველი მეცნიერების ჩართვას. საუბარი შეეხო ასევე CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივას, რაც ქართველ მეცნიერებს, სტუდენტებს, სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
მარიამ ჯაშმა და მიხეილ ჩხენკელმა ფაბიოლა ჯიანოტის ქუთაისში ამაჩქარებლისა და უნივერსიტეტის პროექტზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაზეც CERN-ის გენერალურმა დირექტორმა CERN-ის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრის ბოლოს, მათ CERN-ის გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადეს ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისთვის და ფაბიოლა ჯიანოტი საქართველოში მოიწვიეს. მიხეილ ჩხენკელმა და მარიამ ჯაშმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ოფისები დაათვალიერეს და იქ მომუშავე მკვლევარებს შეხვდნენ.