სოფელ მანავში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნუკრი გელაშვილთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო. მიხეილ ჩხენკელი ასევე გაეცნო მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებს და მათ საცხოვრებელ პირობებს.
მანავის საზაფხულო ბანაკს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 12-16 წლის 1056 მოსწავლე დაისვენებს.
თითოეული ნაკადი გაივლის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. პროგრამის მიხედვით, ერთი დღე სამხედრო თემას დაეთმობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და განუმარტავენ გარკვეულ სიტუაციებში როგორ იმოქმედონ. გარდა ამისა, პროგრამა სხვადასხვა სფეროში არაერთ შემეცნებით და სახალისო თემებს მოიცავს.
ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება გახსნილი, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით, ჯამში 10 000-მდე მოსწავლე და სტუდენტი დაისვენებს.