საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, 2018 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ასპარეზობების წინ საჭირო რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა:
„თქვენი სწავლა და მონდომება არა მხოლოდ თქვენი პირადი წინსვლისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ უდიდესი საზოგადოებრივი ღირებულება აქვს. სწრაფად ცვალებად და განვითარებად სამყაროში მეცნიერების ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის გარეშე შეუძლებელი იქნება ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობის გამოწვევებს, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. თქვენი მიღწევები ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციას მოემსახურება, და ამავდროულად, მისაბაძი მაგალითი გახდება არაერთი თქვენი თანატოლისა თუ უმცროსი მეგობრებისათვის. მინდა იცოდეთ, რომ ამ დღეებში ჩემი ყურადღება თქვენკენ იქნება მომართული. წარმატებებსა და სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნებას გისურვებთ.“
საქართველო 2018 წლის საერთაშორისო სასწავლოს ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (მათემატიკა IMO, ფიზიკა IPHO, ინფორმატიკა IOI, ბიოლოგია IBO და ქიმია IChO) წარადგენს.
მათემატიკის შვიდწევრიანი გუნდი 7-14 ივლისს, მათემატიკის 59-ე (IMO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე რუმინეთში, ქალაქ კლუჟ ნაპოკაში მიემგზავრება; ბიოლოგიის ნაკრები 4 მოსწავლით არის დაკომპლექტებული და 15-22 ივლისს ბიოლოგიის 29-ე (IBO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე ირანში, ქ. თეირანში იასპარეზებს; ქიმიის ნაკრების ოთხი წევრი 19-29 ივლისს ქიმიის 50-ე (IChO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც ჩეხეთსა და სლოვაკეთში, კერძოდ, პრაღასა და ბრატისლავაში გაიმართება; ინფორმატიკის ოთხკაციანი გუნდი 1-8 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ცუკუბა იბარაკიში იასპარეზებს ინფორმატიკის 30-ე (IOI) საერთაშორისო ოლიმპიადაზე; და ბოლოს, ფიზიკის ნაკრები გუნდი, 21-29 ივლისს, ფიზიკის 49-ე (IPhO) საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება, რომელიც პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში იმართება.
ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ, ხოლო ინფორმატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდი სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა.