საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს მეცნიერების და უმაღლესი განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში დეტალურად იქნება წარმოდგენილი. მის შექმნაში კი შესაბამისი დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან.
მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხთან მიმართებით სახელმწიფოს არა მხოლოდ კონტროლის, არამედ ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის პასუხისმგებლობა აკისრია.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით დაგეგმილი რეფორმები ორიენტირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებზე, ხოლო უნივერსიტეტების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება. სამინისტრო უზრუნველყოფს სისტემის რეალურ, გრძელვადიანი პერსპექტივით განვითარებას. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში დაინერგება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით განხორციელდება სამეცნიერო კვლევითი პროექტები. საერთაშორისო კვლევებში ქართველი მეცნიერების ჩართვა სამინისტროს მთავარი ამოცანა იქნება.
მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომები, თავის მხრივ, შექმნის კარგ საინვესტიციო გარემოს და გაზრდის ქართული უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. მაღალი რანგის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსაზიდად სამინისტრო ხელს შეუწყობს ხელსაყრელი, ბიუროკრატიული ბარიერებისგან თავისუფალი გარემოს შექმნას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირებას და საქართველოში მეტ უცხოელ სტუდენტს მოიზიდავს.
მიხეილ ბატიაშვილის ხედვით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც განათლების ექსპორტის ქვეყანა. უცხოელ სტუდენტებს ყველა მიმართულებით უნდა შევთავაზოთ საგანმანათლებლო პროგრამები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის, ასევე, ეკომონიკური თვალსაზრისით.
როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით პრიორიტეტი მიენიჭება სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი ადმიანური კაპიტალის შესაქმნელად, სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშორომლობით შეიქმნება ეროვნული ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც თავს მოუყრის ყველა ციფრულ საგანმანათლებლო რესურსს, ლიტერატურას, ფოტო-ვიდეო მასალას, კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებულ ნიმუშებს, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ახალ ამბებს და ა.შ. ერთიანი ციფრული სივრცე, საგანმანათლებლო ტიპის რესურსებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ყველა მსურველს მიაწვდის ინფორმაციას.