საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ახლადშექმნილი სამინისტროს გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გაერთიანებული გუნდი მისი ხელმძღვანელობით იზრუნებს იმისთვის, რომ ახალმა უწყებამ ყველა მიმართულების ჰარმონიული განვითარება უზრუნველყოს.
შეხვედრაზე მინისტრი ახალი ერთიანი სტრატეგიის მომზადების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თითოეული მაღალკვალიფიციური თანამშრომლის ჩართულობა და მათი ძალისხმევა იქნება აუცილებელი და მნიშვნელოვანი დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის.
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული და მომავალი საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა ახალ გამოწვევებში.