ბრიტანეთის საბჭო იწყებს ხუთწლიან პროექტს სახელწოდებით ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა“ რომლის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმისა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნებში.
2018 წლის 27 ივლისს 16:00 სთ-ზე სასტუმრო ქორთიარდში გაიმართება ,,შემოქმედებითი ნაპერწკლის’’ პრეზენტაცია, სადაც მოწვეული სტუმრები გაეცნობიან პროგრამის მიზნებს და ამ პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო პარტნიორობის განვითარების მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის პირობებს.
ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე შემოქმედებით ინსტიტუციებს, მაგალითად ადგილობრივი მმართველობის და მუნიციპალიტეტების კულტურის დეპარტამენტებს, არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
პროგრამას ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი’’ 3 მთავარი მიზანი აქვს:
ბრიტანულ-ქართული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური პარტნიორობის ჩამოყალიბება შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ცენტრების შექმნის მიზნით;
სამეწარმეო უნარების განვითარება ტრეინინგების სერიის ჩატარების გზით სტუდენტებისთვის, ახალ კურსდამთავრებულთათვის და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის;
ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება უკვე არსებული ონლაინ პლატფორმების და ახალშექმნილი კურსების საშუალებით.