განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებსა და კურსდამთავრებულებს სამინისტროს ხედვებზე, მათი ინტელექტუალური რესურსის ქვეყნის საზოგადოებრივი და ეკონომიკური განვითარების საქმეში გამოყენების აუცილებლობაზე ესაუბრა:
”უმნიშვნელოვანესია თქვენი თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების, განათლების რეფორმის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მიმართულებებით, რადგან სწორედ ასე ვუპასუხებთ მომავლის გამოწვევებს. ჩვენ გვექნება კონკრეტული შემოთავაზებები და მოხარული ვიქნები, თუ თქვენს ცოდნას, გამოცდილებასა და ახალ იდეებს გადმოიტანთ სხვადასხვა სფეროში.“ მინისტრი ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის შექმნასაც მიესალმა და ხაზი გაუსვა მის დიდ როლს სისტემის განვითარებისათვის დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მიხეილ ბატიაშვილი სტიპენდიანტთა არჩევანით, სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და მათ რეალიზებაში ახალგაზრდებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, მიხეილ ჩხენკელი, და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჭელიძე, ესწრებოდნენ.