ჟურნალის „სკოლის მართვა“ მე-3 ნომერი გამოვიდა. უსაფრთხო სკოლა, ინკლუზიური განათლება, ძალადობის პრევენცია, არაფორმალური განათლება, ერთი დირექტორის წარმატების ისტორია და მთავარი რედაქტორის სვეტი - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ თემებისა, რომელთა გაცნობასაც მკითხველი ნომერში შეძლებს.
ჟურნალი სკოლის ადმინისტრაციისთვის არის განკუთვნილი და სერიულ ხასიათს ატარებს. გამოცემებში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის აქტუალური საკითხები, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ინტერვიუები მოქმედ სკოლის დირექტორებთან, განათლების სპეციალისტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან. ჟურნალი ეხმარება სკოლის დირექტორებს უკეთ გააცნობიერონ მართვის კუთხით არსებული პრობლემები, სხვისი კარგი გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს მოარგონ და სკოლა უფრო მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ. ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.
ჟურნალი „სკოლის მართვა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში შეიქმნა.