საქართველოს სახელმწიფო დროშა ევროპის სპორტის კვირეულის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა - საქართველო ერთ-ერთი პირველია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ევროპის ყველაზე აქტიურ, სპორტულ კვირეულს შეუერთდა.
“ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით.
წელს, 23-30 სექტემბერს, ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ერთდროულად, 32 ქვეყანაში გაიმართება. ღონისძიებათა ჩამონათვალი ევროპის სპორტის კვირეულის ოფიციალურ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
საქართველოში ღონისძიების კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
“ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა. კამპანია წარმოებს ჰეშთეგით #BeActive და მოუწოდებს მოსახლეობას, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით, იყვნენ აქტიურები.
2018 წელს, კვირეულში მონაწილეობს 32 ქვეყანა. 2015 წლიდან დღემდე, აღრიცხულია 37,518 ღონისძიება და 14,603,172 მონაწილე. წელს, კამპანიას მხარს უჭერს 40-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა: ევროპის ოლიმპიური კომიტეტი (რომელშიც გაწევრიანებულია 50 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი), ევროპის პარალიმპიური კომიტეტი, სპეციალური ოლიმპიადა, ევროპის ხელბურთის ფედერაცია, საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაცია, ევროპის მძლეოსნობის ფედერაცია, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი და მრავალი სხვა.