ბულგარეთში მშვილდოსანთა ევროპის გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდნენ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე. სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა 1 828 ქულით. ფინალამდე კი ესტონეთის, უკრაინის და ბელარუსის ნაკრები დაამარცხა. ფინალში ჩვენმა გუნდმა იაპონიას 5:3 აჯობა და ჩემპიონი გახდა. სოფიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც გამოვიდა (ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი). ტრიომ საკვალიფიკაციოში 1 915 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ ისრაელს 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ჰოლანდიასთან. შერეულ წყვილებში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ 1272 ქულით კვალიფიკაციაში მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველ წრეში საქართველოს შერეულმა ნაკრებმა საბერძნეთს 5:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსეთთან 1:5 დათმო. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირველობას, ქართველმა ქალებმა და მოსეშვილმა 1/16 ფინალამდე მიაღწიეს.