განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილე ირინა აბულაძემ განათლების სფეროს ექსპერტებთან განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და მათზე მუშაობის გეგმა განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ზოგადი განათლების სფეროში არსებულ ხარვეზებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ექსპერტებმა მინისტრს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია, სამინისტრო აქტიურად მუშაობს რეფორმაზე და ამისათვის უკვე შეხვდა არაერთ დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციას, დარგობრივ ექსპერტებს და სფეროთი დაინტერესებულ სხვა მხარეებს. მინისტრის თქმით, რეფორმა იქნება შედეგიანი, თუ მისი მომზადების და განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია.
განათლების ექსპერტებმა გამოთქვეს მზადყოფნა განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა მოახმარონ განათლების სისტემის გაჯანსაღებას და ჩაერთონ რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. „ის, რომ სამინისტრომ დაინახა ჩვენი რესურსის გამოყენების აუცილებლობა რეფორმების განხორციელების პროცესში, ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნეს მათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სფეროს ექსპერტები, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის, „PH International-ის, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენლები.