ფრანკფურტში, „რივერ ბენქის“ მასშტაბური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალზე საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მრავალფეროვანი კულტურული და მუსიკალური პროგრამით იყო წარმოდგენილი.
ფესტივალის ბოლო დღე მოძრაობის თეატრის შთამბეჭდავი „კარნავალით“ გაიხსნა; წარმოდგენები გამართეს თოჯინურმა ოპერამ, ანსამბლმა „პატარა გეორგიკა“, ანსამბლმა „ლაპრები“, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი დადგმით წარდგა პანტომიმის თეატრი; ღონისძიებების დასკვნით ნაწილში მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმები და ბრასი, ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE წარდგნენ. ფესტივალი საზეიმოდ, ქართული მუსიკის ფონზე, შთამბეჭდავი ფოიერვერკით დაიხურა.
ფესტივალის ფარგლებში, 24,25,26 აგვისტოს, მდინარის პირას მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე კონცერტებით წარდგნენ - ბავშვთა ანსამბლი „პატარა გეორგიკა“ და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ლაპრები“, ჯაზ სექსტეტი Quintessencce; შთამბეჭდავი პერფორმანსები გამართეს პანტომიმის და მოძრაობის თეატრებმა, სპეციალურად ბავშვებისთვის თოჯინური ოპერის სპექტაკლი გაიმართა.
სამი დღის მანძილზე გამოფენილი იყო ქართული რეწვის ნიმუშები, მოეწყო სპეციალური სტენდი ქართველი ავტორების გერმანულენოვანი წიგნებით, პროექტის - ,,სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში დამთვალიერებლები უშუალოდ მონაწილეობდნენ; ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.
პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერითა და ორგანიზებით გახორციელდა. ფესტივალზე ასევე მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.
2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.