წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმაბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა.
პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა წარუდგინეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული ბიბლიოთეკის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, დიზაინის შესარჩევი კომისიის წევრები და საპატიო სტუმრები - ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები.
მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ასევე,ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია.
ავერსი: კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები - “Romae MDCXXIX“ და „ႲႴႨႪႨႱႨ ႹႶႧ“, რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, „რომში, 1629“ და „ტფილისი, 1709“) . მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: „საქართველო 2018 Georgia”.
რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „5“, რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა „₾“ დატანილი, ცენტრში კი - სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი“. მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: „Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018“ („ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018“).
მონეტის ტექნიკური მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: ვერცხლი (Ag 925)
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2018
მოჭრის რაოდენობა: 1500 ც
მონეტის დიზაინის ავტორი: ირაკლი ფაღავა.
ზარაფხანა: LITHUANIAN MINT