ევროკავშირის პროგრამის „EU4Youth” ფარგლებში, ახალგაზრდების დასაქმების უზრუნველსაყოფად, სამი ახალი პროექტი ხორციელდება. პროექტების განხორციელება 2018 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო და საქართველოს, სომხეთს, უკრაინასა და ბელარუსიას მოიცავს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული რამდენიმე აქტივობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერებითა და შრომის ბაზრისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებით, ქართველ ახალგაზრდებს დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში ეხმარება.
პრეზენტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი, ლოურენს მერედიტი, პროექტში ჩართული ახალგაზრდები და ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
პროექტი ევროკავშირის EU4Youth, Save the Children - ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.