საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთის ნაკრები ასტანაში 2:0 დაამარცხეს. ანგარიში 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა, 5 წუთში კი მასპინძელთა მცველმა სერგეი მალიმ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი რეალური მომენტი გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ნავალოვსკის მონაწილეობით შეიქმნა. ჩაკვეტაძის გადაცემით ნავალოვსკი ყაზახთა მეკარესთან პირისპირ დარჩა. ქართველი მცველის დარტყმული მასპინძელთა მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. სახიფათო გამოდგა ყაზახთა საპასუხო შეტევა. გიორგი ლორიას შეცდომის შემდეგ გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, თუმცა საკუთარი კარი ამჯერად ნავალოვსკიმ დაიცვა.
მეორე ტაიმი ჩვენი გუნდისთვის გაცილებით წარმატებული გამოდგა. 69-ე წუთზე 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, დაამუშავა და შორეული გასროლით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. 5 წუთში ისევ ჩაკვეტაძე მოექცა ყურადღების ცენტრში. ქართველმა შემტევმა სწრაფად გადაკვეთა მოედნის ცენტრი და მახვილგონივრული გადაცემის შედეგად ვაკო ყაზაიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა. ყაზაიშვილის დარტყმული მასპინძელთა მეკარემ მოიგერია, თუმცა ყაზახთა მცველის სერგეი მალის უხეში შეცდომის შედეგად ბურთი ჩვენი მეტოქის კარში აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 2-0 გაიმარჯვა. ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა პირველი სამი ქულა მოიპოვა ერთა ლიგაზე. ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება უეფა-ს ახალი პროექტის ერთა ლიგის ისტორიული, პირველი მატჩი იყო. შესაბამისად, ტურნირის პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. ჩაკვეტაძის გოლი კი პირველი იყო ამ ტურნირზე.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიამ ანდორას უმასპინძლა. რიგაში გამართული მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.
ყაზახეთი – საქართველო 0:2 (0:0)
„ასტანა არენა“, 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი (4-5-1): ერიჩი, ბეისებეკოვი, პოსტნიკოვი, მალი, შომკო, ჟუკოვი, ისლამხანი (ჟაინუტდინოვი 81), კუატი (ტურისბეკი 76), მუჟიკოვი, მურთაზაევი (სეიდაჰმეტი 88), შჩეტკინი
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
საქართველო (4-2-3-1): ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, მერებაშვილი, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 75), ქვილითაია (გვილია 65)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (74, ა.გ)
გაფრთხილება: კუატი (45) – ნავალოვსკი (6)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:2
მთავარი მსაჯი: ჰალილ უმუთ მელერი (თურქეთი)