უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა 9 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ლატვიას უმასპინძლეს და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მატჩის 77-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნარკები სრულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. ლატვიელები მეორე ნომრად, დაცვითი ტაქტიკით თამაშობდნენ და მხოლოდ ეპიზოდურად გადმოდიოდნენ შეტევაზე.
მეორე ტაიმი კვლავ ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო, თუმცა საგოლე მომენტების მიუხედავად, 77-ე წუთამდე ანგარიში არ გახსნილა. გიორგი ჩაკვეტაძე საჯარიმოში ლატვიელთა მცველმა წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად თორნიკე ოქრიაშვილმა აქცია. ბოლო წუთებში სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის D ლიგის პირველ ჯგუფში 6 ქულა დაუგროვდა. ჩვენი გუნდი ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 13 ოქტომბერს გამართავს. „დინამო არენაზე“ ვლადიმერ ვაისის გუნდი ანდორას უმასპინძლებს.
საქართველო – ლატვია 1:0 (0:0)
„დინამო არენა“, 45 000 მაყურებელი
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენალტი)
გაფრთხილება: ვანინსი (48), ისაიევსი (63), კარასაუსკსი (68)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი (გვილია 79), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 86), კაჭარავა
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი