გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. ახალი სკოლის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო და პირადად მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.
თორტიზის ერთსაუკუნოვანი სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. სკოლის მშენებლობა 2017 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 2018 წლის 18 ივნისს დასრულდა. მშენებლობაზე 1 400 000 ლარამდე დაიხარჯა.
თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.