17 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM) ლამბერტო ზანიერთან.
მინისტრის მოადგილემ ეუთოს უმაღლეს კომისარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები და პროექტები გააცნო.
სამუშაო შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას - უმაღლესმა კომისარმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო რეფორმის ძირითადი ასპექტების შესახებ განათლების ყველა საფეხურისთვის. შეხვედრის ბოლოს, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და ამ მხრივ, კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმაზე.
ლამბერტო ზანიერის ვიზიტი საქართველოში 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთოს უმაღლესი კომისრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი შეხვედრებს ასევე გამართავს ცესკოს თავმჯდომარესთან, სახალხო დამცველთან და საქართველოში გაეროს ოფისის წარმომადგენლებთან. ლამბერტო ზანიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.