19 სექტემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცხრე, მუდმივი პრეზიდენტი, ადელა დე ლა ტორე და ამერიკელი პროფესორების დელეგაცია ეწვია.
მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია ინჟინრების, ტექნოლოგების და სამეწარმეო მიდგომების მქონე ახალგაზრდები. შეუძლებელია, თანამედროვე, ციფრული ერის პირობებში ახალი ტექნოლოგიების გარეშე წარმატებას მიაღწიოს ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ. ჩვენი მიზანია, საქართველო გავხადოთ ტექნოლოგიურად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, სადაც თქვენ, სტუდენტებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გეკისრებათ! “
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას და აშშ-ს მთავრობას საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის.
„ეს პროექტი გახლავთ საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობისა და მეგობრობის საუკეთესო მაგალითი! ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, აშშ-ს მთავრობას საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიციებისთვის“ - აღნიშნა ბატიაშვილმა.