ბათუმის სპორტის სასახლეში გრძელდება 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. 25 სექტემბერს, მეორე ტურის პარტიები გათამაშდა და ისე მოხდა რომ საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებიც ნორვეგიელებს დაუპირისპირდა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ჩვენმა გუნდებმა ლიდერების, პირველ დაფაზე მოთამაშე მოჭადრაკეების - ნანა ძაგნიძის და ბაადურ ჯობავას გარეშე ითამაშეს. მოთამაშეების დასვენება და როტაციის პრინციპით მოქმედება, ოლიმპიადაზე ჩვეულებრივი ამბავია. მითუმეტეს ახლა, როცა შეჯიბრი ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ წინ არის. ნაკრების მწვრთნელები ლიდერებს დასვენების საშუალებას აძლევენ. ქალთა ნაკრების პირველ დაფაძე ადგილი ლელა ჯავახიშვილმა დაიკავა, რომელმაც გუშინ თავისი პარტია დათმო და დღეს კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ითამაშა. ჯავახიშვილმა, ისევე როგორც სხვა მოჭადრაკეებმა თავისი პარტიები მოიგეს და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება ჩაიწერა - 4:0.
ვაჟთა პირველ დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა გადაინაცვლა, ხოლო მისი ადგილი მეორე დაფაზე ბულგარელმა ივან ჩეპარინოვმა დაიკავა, რომელიც მწვრთნელებმა საწყის ტურში დაასვენეს. სამწუხაროდ, მჭედლიშვილმა თავისი პარტია დათმო. ჩეპარინოვმა გამარჯვებით ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე დაფაზე ჯოჯუამ ყაიმი ითამაშა და შეხვედრის ბედი ლევან ფანცულაიას და სებასტიან-იოჰან კრისტიანსენის შეხვედრაში გაირკვა - მოჭადრაკეები ყაიმზე შეთანხმდნენ და საბოლოდ 2:2.
ჩვენი სხვა ნაკრებებიდან განსაკუთრებით საინტერესო ვაჟთა მესამე გუნდის აშშ-სთან დაპირისპირება გახლდათ, რომელიც ტურნირის პირველი ნომერი და ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. აშშ-ს პირველ დაფაზე მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერი და ამ ოლიმპიადაზე პირველ ნომრად განთესილი ფაბიანო კარუანა ჰყავს, რომელიც 9 ნოემბრიდან, ლონდონში მსოფლიოს პირველ ნომერთან ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან ბრძოლაში ჩაებმევა და მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს. ასეთ ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველოს მესამე ნაკრები, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული. ჩვენმა გუნდმა შეხვერა 1.5:2.5 დათმო, თუმცა ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. პირველ დაფაზე ნოე თუთისანმა ყაიმი ითამაშა ფაბიანო კარუანასთან, რომელიც გამორიცხული არ არის ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის სიმბოლური სხვლა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა. გაიმარჯვა ვაჟთა მეორე ნაკრებმაც დანიასთან 2.5:1.5. ქალთა მეორე გუნდმა კი შვედეთს 3.5:0.5 აჯობა. ცხადია, აღსანიშნავია მესამე ნაკრების ყაიმიც გერმანიის ნაკრებთან - 2:2.
ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი - 5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
II ტური
ქალები
საქართველოს პირველი ნაკრები - ნორვეგია 4:0
1. ლელა ჯავახიშვილი - ოლგა დოლჟიკოვა 1:0
2. ნინო ბაციაშვილი - ელენ ჰაგესატერი 1:0
2. ბელა ხოტენაშვილი - ბარფ შეილა საჰლი 1:0
4. მერი არაბიძე - მონიკა მაჩლიკი 1:0
საქართველოს მეორე ნაკრები - შვედეთი 3.5:0.5
1. სალომე მელია - ინნა აგრესტი 0.5:0.5
2. ინგა ჭარხალაშვილი - ჯესიკა ბენგსტონი 1:0
3. სოფიო გვეტაძე - ანჟელინა ფრანსონი 1:0
4. მირანდა მიქაძე - მარგარიტა ზარიტოვსკაია 1:0
საქართველოს მესამე ნაკრები - გერმანია 2:2
1. ნინო ხომერიკი - ელიზაბეტ პაეტზი 1:0
2. მარიამ ჯანიაშვილი - ფილიზ ოსმანოდჟა 0:1
3. ლილე ქორიძე - სარა ჰოლტი 0.5:0.5
4. თამარ ესაძე - იუდიტ ფუქსი 0.5:0.5
ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - ნორვეგია 2:2
1. მიხეილ მჭედლიშვილი - არიან ტარი 0:1
2. ივან ჩეპარინოვი - ოლსენ ოლავ ფროდე ურკედალი 1:0
3. ლევან ფანცულაია - სებასტიან-იოჰან კრისტიანსენი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - იოჰან სალომონი 0.5:0.5
საქართველოს მეორე ნაკრები - დანია 2.5:1.5
1. ლუკა პაიჭაძე - ვანგ იაკობ გლადი 0.5:0.5
2. დავით მაღალაშვილი - სიმონ იენსენ-ბეიკერი 0.5:0.5
3. თორნიკე სანიკიძე - მიოლერ ბიორნ ოლშნერი 0.5:0.5
4. გიგა ყუფარაძე - ბუჰლ იონას ბჟერე 1:0
საქართველოს მესამე ნაკრები - აშშ 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ფაბიანო კარუანა 0.5:0.5
2. ლუკა ობოლაძე - ვესლი სო 0:1
3. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - სამუელ შანკლანდი 0.5:0.5
4. ნიკოლოზ კაჭარავა - რეი რობინსონი 0.5:0.5