საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მუცოს ესტუმრნენ და ძეგლზე დამასრულებელი ეტაპის მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის „ქართუს“ ფინანსური თანადგომით, სრულდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური პროექტის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. ავთენტურ იერსახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები.
სარეაბილიტაციო ეტაპების ფარგლებში, რესტავრირდა შუა და ქვედა უბნის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო ეტაპის ფარგლებში, აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. პროექტის მიმდინარეობისას, ასევე აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილები, დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც. ფიქალის ქვების სახით, სამუშაო პროცესში გამოყენებულია ტრადიციული მასალა, რომელიც რეგიონში მოიპოვება.
კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.
2014 წელს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დაიწყო მუცოს აღდგენისა და გადარჩენის მასშტაბური პროექტი, რომლის დასკვნითი ეტაპი ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით წარიმართა.
სარეაბილიტაციო პროცესის საწყისი 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო უწყების საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ 2014-2015 წწ. 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში კერძო საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ კი 1 მილიონ 215 ათასი ლარი მოიცვა.
* მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. ეს არის მიუვალი სიმაგრე და უანალოგო კომპლექსი, რომელიც განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფელი მუცო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე.