საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა და განათლების მიმართულებით დაგეგმილი სისტემური რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სისტემის მიმდინარე, ასევე, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
მიხეილ ბატიაშვილმა ჰუბერტ ქნირშს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაწეული გულთბილი მანსპინძლობისთვის, რაც საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იყო ევროპელი მსმენელისთვის საკუთარი დამწერლობა, კულტურა და ხელოვნება გაეცნო.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების, განსაკუთრებით დუალური პროფესიული განათლების გერმანული მოდელის მხარდაჭერას, განსაკუთრებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წვლილს.
რაც შეეხება კულტურულ კავშირებს, მხარეებმა ისაუბრეს ქართველებისა და გერმანელების მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ხნის ტრადიციაზე. გერმანულს, როგორც უცხო ენას კი, მინისტრის თქმით, საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს, გერმანულს 25 ათასზე მეტი მოსწავლე ირჩევს - უცხო ენებს შორის, გერმანული, ინგლისურის (სავალდებულო უცხო ენა) და რუსულის შემდეგ მესამე ადგილზეა.