25-28 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ეგიდით იმართება XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი: „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“. კონგრესი 26 ოქტომბერს 10:00 საათზე სასტუმროში თბილისი მარიოტი საზეიმოდ გაიხსნება. ხსენებული ღონისძიება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის წამყვანი სახელმწიფო უნვიერსიტეტების ეგიდითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.
დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ოლეგ მატიცინსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ კაირატ ზაკირიანოვს უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს მოახლოებულ კონგრესთან დაკავშირებული საკითხები. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარებას.
XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ეძღვნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. კონგრესის საპატიო სტუმრები იქნებიან მსოფლიოს წამყვანი სპორტის უნივერსიტეტების რექტორები, პროფესორები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები და სპორტის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.