საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის ბაზაზე, რაგბის კავშირისთვის 3 ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსის გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც რაგბის კავშირს საქველმოქმედო ფონდ „ქართუსგან“ გადაეცა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმ სფეროებს აერთიანებს, რომლებშიც უმთავრესი კაპიტალი - ინტელექტი, უნარები და შესაძლებლობები ფორმირდება. ამ თვალსაზრისით სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გარდა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს, სპორტული მიღწევებით ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენს. ამიტომაც, სპორტის განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს და ზოგადად, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ფონდ “ქართუს” მხარდაჭერასაც: “ 10 წლის წინ, სწორედ მათ მიერ დაწყებული ქართული რაგბის მხარდაჭერის უპრეცედენტო მასშტაბების პროგრამის შედეგად, საქართველოს ყველა რიგის ნაკრები დაფინანსდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყო სარაგბო ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი. აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცათ 13 სარაგბო ბაზა” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „ქართუს“ მიერ ქართული რაგბის განვითარებისთვის გაღებულმა თანხა თითქმის 200 მილიონს აღწევს.