თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის კურსდამთავრებული, თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში "ნიჭიერთა ათწლედის" სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი, ყველასათვის ძვირფასი, საყვარელი და განსაკუთრებული პიროვნება, ბატონი ომარ გეგუჩაძე.
ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, გამოცდილება და უდიდესი სიყვარული თავდაუზოგავად მოახმარა სკოლას, რომელიც მისთვის არასდროს ყოფილა სამსახური, ეს იყო მისი მეორე სახლი, დიდი ოჯახი, ადგილი, სადაც ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს ჯერ როგორც მოსწავლე სკოლაში სწავლის პერიოდში, შემდეგში კი როგორც სასწავლო ნაწილის გამგე და მრავალი თაობის აღმზრდელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი.
სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედვად, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი სკოლის შემოქმედებით ცხოვრებას.
ბატონი ომარი საოცარი პიროვნება იყო, ყველასგან განსხვავებული, გაწონასწორებული, შრომისმოყვარე, სკოლის ერთგული, თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი, ამავე დროს იშვიათი იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი. ამიტომაც უყვარდათ იგი განსაკუთრებულად თანამშრომლებსა და მოსწავლეებს. მართლაც განუზომელია ბატონი ომარის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი.
სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" მთელი კოლექტივის სახელით გვინდა ქედი მოვიხაროთ ბატონი ომარის ხსოვნის წინაშე და მადლობა გადავუხადოთ იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რომელიც მას მიუძღვის არამარტო ჩვენი სკოლის, არამედ ქართული ეროვნული კულტურის წინაშე.
პანაშვიდი: 1 და 2 ნოემბერს
მისამართი: საექიმოს ქუჩა N2, III სადარბაზო, IV სართული
(ისანი-სამგორის გამგეობასთან)
დაკრძალვა: შაბათს, 3 ნოემბერს 14:00 საათზე, ლურჯი მონასტრიდან