21 – 27 ნოემბერს, საქართველოს მოხალისეები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ”-ი თბილისში მოხალისეობის კვირეულს - „მე მოხალისე - აქტიური მოქალაქე“ გამართავენ.
„მე მოხალისე - აქტიური მოქალაქე“ ფარგლებში, მოხალისეობის კვირეული მოიცავს როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ინტელექტუალურ თამაშებს, საქველმოქმედო აქციებს და ა.შ. კვირეულის ფარგლებში, 21- 22 ნოემბერი ვიქტორინა „მოხალისე“ თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში (მე-12, 161-ე, 70-ე, 199-ე) გაიმართება; 22 ნოემბერს, 16:00 საათზე თემაზე: „საერთაშორისო მოხალისეობა და ახალგაზრდობის საკითხები“ (საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში) შეხვედრა გაიმართება ლიკა ტორიკაშვილთან ; 26 ნოემბერს კინოჩვენება და დისკუსია (გუდიაშვილის ქ.7) ხოლო 27 ნოემბერს, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
მოხალისეობის კვირეული მოხალისეობის განვითარების პროგრამა „საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში იმართება, რომელიც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-თან თანამშრომლობით იმართება.
პროგრამის მიზანია როგორც მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, ასევე საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია და მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.