დღეს, „აკადემია ევროპეას“ მმართველმა საბჭომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნის შესახებ. საქართველო პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირის მიღმა, სადაც ცენტრი დაფუძნდება.
„უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მრავალსაუკუნოვანი, დიდი ტრადიციის მქონე ქართული მეცნიერების, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობის მეცნიერის, მთელი აკადემიური საზოგადოების კიდევ ერთი უდიდესი აღიარება და მსოფლიო მეცნიერებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა და პოტენციალის დასტურია. „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში. თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
„ევროპის აკადემია“ დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს კვლევის ყველა მიმართულებას.