18-21 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, 19 დეკემბერს, ანკარაში, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017-2021 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ზიარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები იყო. კომისიის პირველ სხდომას უძღვებოდნენ მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მისი თურქი კოლეგა ნადირ ალფასლანი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გელა ჯაფარიძე.
2017 წლის 23 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 - 2021 წლებში, კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. მხარეებმა ვალდებულება აიღეს ითანამშრომლონ კულტურის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საკითხებში. ამ მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია ქართველი და თურქი სპეციალისტებით.
პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს თბილისში დაგეგმილია საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრის დროს, განისაზღვრება ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, მათი საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.