საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.
სიგელები გადაეცათ მანდატურებს, რომლებმაც მოსწავლეების გადარჩენასა და მათი ჯანმრთელობისთვის საკუთარი სიცოცხლე არაერთხელ დააყენეს რისკის ქვეშ, მანდატურები, რომლებიც მანდატურის სამსახურის დაარსების პირველივე დღიდან მუშაობენ და ისინი, ვინც საკუთარ მოვალეობას გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლის სკოლებში ასრულებენ.
„განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე. დღეს დავაჯილდოვეთ მანდატურის სამსახურის წარმატებული თანამშრომლები და მომავალშიც გავაგრძელებთ მათ წახალისებას. მომავალი წლიდან მანტურები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები, რაც უსაფრთხო სკოლის გარემოზე აისახება“- განაცხადა მინისტრმა.
მანდატურები ზრუნავენ, როგორც სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, ასევე, მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, პოზიტიური სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბებას და ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მანდატურთა ხელფასი 200 ლარით გაიზრდება, რაც მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებისთვის უმნიშვნელოვანესია. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მომავალ წელს მანდატურები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევლენ.