საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე აშენდება.
როგორც კაფსულის ჩაგდების ცერემონიზე მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება.
მიხეილ ბატიაშვილის თქმითვე, სწორედ რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად, მათ შორის განათლების კლასტერების განვითარებისთვის, აუცილებელია ისეთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის არსებობა, რომელიც ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გაზიარების ჰაბი იქნება.
ახალი საგანამანათლებლო ქალაქის მშენებლობა განათლების სისტემის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს.