განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.
„ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს.
მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის იქნება დამხმარე საშუალება უნარების განსავითარებლად. სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით. მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.
განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. მასწავლებლები და მოსწავლეები ელექტრონული რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება, სწავლა-სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებში მედიაწიგნიერების განვითრებას.
სამინისტრომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წლიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო სასწავლო პროცესში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში წარმატებით აპრობირებული პროგრამების დანერგვა. შედეგად მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს. განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე მშობლებში.
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდის el.ge-ის განვითარება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა, ნოტები და სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებები.
სანდრო ასათიანის თქმით, სასწავლო პროცესში სთრიმინგ გაკვეთილები დაინერგება, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს: „საუბრები მომავალზე“, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების განვითარებაზე, სწავლის პროცესში კრეატიულობის ამაღლებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.