კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე გაეცნო.
ქალაქ კასპში 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება და რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
თანამედროვე სტანდარტების კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის მიმართულებისა და მასთან დაკავშირებული დარგების - ვეტერინარიის, მექანიზაციისა და მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები მომზადდება. კოლეჯში ასევე მომზადდებიან ელექტრო შედუღების, ხარატის, მაღალი ძაბვის ელექტროობის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, ამწის ოპერატორ-მემანქანის სპეციალისტები. სასწავლებელი ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
მიმდინარე წელს დასრულდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაც, შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. სკოლაში იქნება რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ხელოვნების ოთახი, სასადილო, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასები. სკოლაში ასევე იფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე აშენდება სპროტული დარბაზი.
ობიექტური მიზეზების გამო სკოლის მშენებლობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა, მაგრამ უახლოეს მომავალში განახლდება. ამის შესახებ სკოლის პედაგოგებსა და მოსახლეობასთან შეხვედრისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ნათია ზედგინიძემ განაცხადა.