საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, დიდი ქართველი ხელბურთელის, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავის ჯემალ ცერცვაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს. ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, „ხელბურთის პელედ“ წოდებული ჯემალ ცერცვაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯემალ ცერცვაძე ხელბურთს თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1958-75) და სსრკ ნაკრებში (1959-72). ის იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1962-71), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 67, 70), აქედან ორში (1964, 67) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს. სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) “ხელბურთის პელედ” მონათლეს.
პანაშვიდი 29 და 30 იანვარს, 16:00 საათზე (კეკელიძის 25, მე-6 სადარბაზო, მე-4 სართული). გამოსვენება 31 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის ძველი სპორტის სასახლიდან.