საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წარდგენისას ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობას გაზრდის.
მისი თქმით, სახელმწიფო ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად კერძო უნივერსიტეტებსაც სრულად დაუფინანსებს. შედეგად, საქართველოს ყველა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, ისარგებლოს ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებით, როგორებიც არის: Science Direct, SciVal finder, Scopus, Mendeley data. შესაბამისად, ქართველი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საერთაშორისო სამეცნიერო სიახლეების გაცნობას თავიანთი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან შეუფერხებლად შეძლებენ.
განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში ქართველი მეცნიერების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განისაზღვრა.