საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, უმაღლესი განათლების სისტემის პრეზენტაციის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა ორწლიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციისთვის.
მინისტრის თქმით, უკვე გაკეთებულია განაცხადი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) და არსებობს მოლოდინი, რომ მარტში ცენტრი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ იგეგმება ცენტრის გაწევრიანება „ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში“ (EQAR) და „უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმში“ (ECA), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და საერთაშორისო კვლევებში ქართული უნივერისტეტების ჩართულობას წაახალისებს.
„ჩვენი გეგმების განხორციელება 2 წელიწადში სრულიად შესაძლებელია. ENQA არის ერთგვარი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოში ეფექტურად დანერგავს ხარისხის განვითარების ევროპულ წინაპირობებს. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ENQA-ს გავწევრიანდეთ. ეს იქნება დასტური იმისა, რომ დავიწყეთ ევროპული სტანდარტების ამოქმედება და მათი ეფექტური დანერგვა. ამასთანავე, ეს ნიშნავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით გავლენიან ევროპულ ინსტიტუციებთან, რომლებიც ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობენ. ENQA იქნება გარანტი ქართული ხარისხის განვითარების სისტემის დამოუკიდებლობისა და მუდმივი განვითარებისა“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, აქტიურად გაგრძელდდება მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა ერთობლივი მუშაობით სასურველ მიზანს მივაღწიოთ.