საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები.
ჩინური კომპანია ‘JAC Motors’ - ის მიერ წარმოებული ადაპტირებული მიკროავტობუსი პარასპორტსმენებს დღეიდან მოემსახურება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
ბოლო წლებში, ქართული პარასპორტი საგრძნობლად განვითარდა. 2016 წელს პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი. გასულ წელს, პარასპორსტმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე 22 მედალი - 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ზვიად გოგოჭური გახდა, ხოლო ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 5 მსოფლიო თასი მოიგო. გარდა ამისა, ძლიერთა თამაშების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრები.