რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნერლოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით.
როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.