საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია წარადგენა.
პროფესიული განათლების სისტემის განვითარება არაერთ მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რეგიონული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწრაფ დასაქმებაზე.
პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი, ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.
ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.
სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.
ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.
სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს ასევე: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.
რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.
გარდა ამისა, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.