საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად საზოგადოებას განათლების სფეროში მიმდინარე შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის მშენებლობაც მარტში დაიწყება.
მინისტრის თქმით, ეს იქნება 15 ჰექტარზე განთავსებული მართლაც მომავალი ქალაქი, სადაც ფუნქციონირებას დაიწყებს დასავლური სტანდარტების სახლელმწიფო სკოლა.
„აღნიშნული პროექტით გაფართოვდება კომაროვის სკოლაც, რომელიც ქართული განათლების საუკეთესო ნიმუშია. სწორედ ამიტომ, როგორც კომაროვის, ასევე სხვა წარმატებულ სკოლებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ გაცილებით მეტ ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი დონის განათლება. კომაროვის სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია. საერთაშორისო ოლიმპიადაზე სკოლა მეორე ადგილზე გავიდა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. განსაკუთრებით გამორჩეულია მათი მოსწავლე, რომელმაც მაქსიმალური ქულა აიღო და მისი გამარჯვება საუკეთესო ნიმუშია მსოფლიოში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვყვავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი და ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეზე, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.